სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის. შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, კონფლიქტში მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული უკრაინელი მოსწავლის მშობელი “აჭარა.News”- თან აცხადებს, აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში ეს არ არის მოსწავლეებს, შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა.
“პარასკევს მოხდა ეს შემთხვევა. გაკვეთილების შემდეგ ჩემი შვილი, რომელიც 13 წლისაა, სამ თანაკლასელთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იყო. მათთან მივიდა მე-13 სკოლის ქართული სექტორის მოსწავლე, ჯერ სიგარეტი მოთხოვა ბავშვებს, უარის მიღების შემთხვევაში, თანხა მოითხოვა. როდესაც ისევ უარი მიიღო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი იმავე სკოლის სხვადასხვა ასაკის 10-მდე მოსწავლე მიიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემ შვილს და მის მეგობრებს. ესვროდნენ ქვებს, აგინებდნენ, ერთ ბავშვს ახრჩობდნენ. ჩემს შვილს რამდენჯერმე დაარტყეს სახისა და თავის არეში, ასევე ნაცემია ჩემი შვილის მეგობრებიც.
შემთხვევით პოლიციის ეკიპაჟმა ჩამოიარა, მოძალადეები შეშინდნენ და გაიქცნენ, ამით გადარჩნენ ბავშვები, თორემ არ ვიცი როგორ დასრულდებოდა კონფლიქტი”- აცხადებს ლილია ლისენკო.
მისივე ინფორმაციით, იმავე დღეს მიმართეს პოლიციის მეოთხე განყოფილებას.
“ჩემს შვილს აღენიშნება სილურჯეები, სხვა ბავშვებსაც. პოლიციას ორშაბათს ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა, ასევე გვითხრეს, რომ საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ , თუმცა დღემდე არავინ დაგვკავშირებია. კონფლიქტის მეორე დღეს ჩემს შვილს კიდევ დახვდა ერთი მოზარდი, მოსთხოვა სიგარეტი და ხელი კრა. ჩემი შვილი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ამიტომ აღარ აპირებს სკოლაში სიარულს.
როგორც გავარკვიე, ამ სკოლაში ხშირია მსგავსი შემთხვევები, იყო შემთხვევა, ცივი იარაღით დაემუქრნენ ერთ-ერთ მოსწავლეს“, – აცხადებს დაზარალებული ბავშვის დედა.
მე-13 საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შს სამინისტროს, ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.