“სოლიდარობა და თავისუფლება ნიკა გვარამიას”- ბათუმში, მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლებას მისი განეიტრალებით თავისუფალი მედიის გაჩუმება სურს.
“პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკას და მიგვაჩნია, რომ არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და ეს არის მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
ყოველდღე ვხედავთ ჩვენ, რომ თანდათან უარესდება, საკანონმდებლო დონეზეც კი ცვლილებებით, მედიის თავისუფლების მდგომარეობა. ამაზე საუბრობს ის ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყანაში მედიის მდგომარეობას და ვხედავთ, რომ ჩვენ ყოველწლიურად უფრო გვიუარესდება რეიტინგი.
ეს არ არის მარტო მედიის პრობლემა, არც არასამთავრობოების პრობლემა არის მხოლოდ, იმიტომ რომ ზოგადად, საზოგადოებას უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რაც იწყება მედიის წინაღმდეგ ბრძოლით, საბოლოო ჯამში გადადის საზოგადოების თითოეული წევრის მდგომარეობის გაუარესებაზე”- განაცხადა ჟურნალისტმა, ნაზიბროლა რეხვიაშვილმა.