დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, ადგილობრივი პარტიის სხვა ლიდერებთან და ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თემაზე – მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული ბათუმი, გამოფენა გამართა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, 6 მაისი მნიშვნელოვანი დღეა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მისივე განცხადებით, აჭარის რევოლუციის მთავარი შემოქმედი და ბათუმის მთავარი არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსული ხელისუფლების ტყვეობაშია.
“მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო გიორგობა. მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 6 მაისი.
19 წლის წინ აჭარაში მოხდა რევოლუცია და, ფაქტობრივად, მაშინდელი რუსი ოლიგარქი, რომელიც ჩაბუდებული იყო აჭარაში, გაიქცა მოსკოვში. ბათუმში ყველაზე კარგად უწყიან მოქალაქეებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ღვაწლის შესახებ.
სამწუხაროა, რომ აჭარის რევოლუციის მთავარ შემოქმედს, ბათუმის მთავარ არქიტექტორს, დღეს რუსული ოცნება და რუსული ხელისუფლება არაადამიანურად ეპყრობა და წამების მსხვერპლია საპატიმროში. ტყვედ ჰყავთ ფაქტობრივად.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაციონალურმა მოძრსობამ გააკეთა აქ შეხსენება, რა პროექტები აქვს გაკეთებული სააკაშვილს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ კიდევ ბათუმში, მთელ საქართველოში გავაკეთებთ, ძალიან ბევრს ვიშრომებთ და ცხადია, ბათუმში ათჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე არის გაკეთებული. თუმცა, მანამდე გვაქვს პრიორიტეტული საკითხები, რომელიც არის გადასაჭრელი და ეს უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და რუსული ოცნების, რუსული მმართველობის დამარცხებას საქართველოში.
ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მდგრადობა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის გასაღები, დიახ, არის ევროპაში.
ქართველი ხალხის ურყევი ნება , ევროკავშირის წევრი გავხდეთ, უნდა შესრულდეს.
პროდასავლური ოპოზიცია, ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, მივიღებთ თუ არა სტატუსს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები და ყურადღებით, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძლოთ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსის მოპოვება”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი ქოლცენტრების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ოპოზიცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას.
მისივე ინფორმაციით, ქოლცენტრებს ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ფარცხალაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე მფარველობს.
“რუსული ოცნების სპიკერები, კობახიძე და მდინარაძე, ორი თვის წინ ამბობდნენ, რომ არანაირი ქოლცენტრი არ არსებობს საქართველოში.
ამის შემდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ კონკრეტული მისამართი ამხილა და იძულებული გახდნენ, რომ ეს მისამართი დაეხურათ და საგამოძიებო პროცესები დაეწყოთ. ამის მერე თავადაც ამბობენ, რომ კიდევ დავხურეთ რაღაც ქოლცენტრიო. ანუ ყოფილა ხომ საქართველოში ქოლცენტრები?
ამ ქვეყანაში ქოლცენტრების მფარველობა შეუძლია მხოლოდ სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, უჩა მამაცაშვილს, ფარცხალაძეს, შსს მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და თუ ისრების გადატანას ცდილობს რუსული ოცნება, საზოგადოება ამას ხვდება.
საგამოძიებო კომისიას ოცნება კი არ ითხოვს, ითხოვს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ჩავერთვებით საგამოძიებო მოქმედებებში, საპარლამენტო კომისიას ვგულისხმობ. თუ მათ აქვთ რაიმე ლეგიტიმური პრეტენზია, ჯერ როგორ შეიძლება ხელისუფლება იყო და აბრალებდე, რომ ოპოზიციას აქვს მსგავსი რამ.
რას აკეთებ მაშინ, არაფერი თუ არ იცი, ყველაფერს თუ ოპოზიცია აკეთებს, ანუ მარტო ფულის კეთებაა მაგათი საქმე?
შეგახსენებთ, რომ წელიწადნახევარია ვითხოვ ამ მიმართულებით გამოძიებას. კონკრეტულ მისამართებზე ვარ ნამყოფი, სუსის უფროსი გვყავს პარლამენტში დაბარებული და დაიმალა, შსს მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდან ვუთხარი ქოლცენტრების კონკრეტული მისამართები. ამიტომ, საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ მალავს, ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია და ახლა იგონებენ ყველაფერს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. ქოლენტრების უკან, ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან, დგას ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე. თავდაცვის მინისტრს აქვს ქოლცენტრები.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ევროპული გამოძიება გავა ამ მაღალი თანამდებობის პირებზე”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.