„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების დეკლარაციები შეისწავლა. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 2022 წელს 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაციები. 35 ხელმძღვანელიდან დეკლარაცია შეავსო მხოლოდ 27 თანამდებობის პირმა. დეკლარაციის წარმდგენ პირებს შორის არ არიან:
- ა(ა)იპ „ქობულეთის გამწვანების” დირექტორი – ზვიად რომანაძე;
- ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავების” დირექტორი – გიორგი მჟავანაძე;
- ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის” დირექტორი – სულიკო თხილაიშვილი;
- შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებას” დირექტორი – მერაბ პაპუნაიშვილი;
- ა(ა)იპ „შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის” დირექტორი – მერაბ დავითაძე;
- ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის” დირექტორი – ზაზა დავითაძე;
- ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის” დირექტორი – ოთარ გელაძე
- ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისის” დირექტორი – დიმიტრი შავაძე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის #178 დადგენილების მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის ა(ა)იპ-ისა), რომლის წინა წლის დაფინანსება ბიუჯეტიდან აღემატება 100,000 ლარს და შპს-ს, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს მუნიციპალიტეტი და რომლის წინა წლის დაფინანსება ან/და ერთობლივი შემოსავალი აღემატება 100,000 ლარს, ხელმძღვანელები ვალდებული არიან შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა ამ ორგანიზაციების 2021 წლის შესყიდვების გეგმები, საბიუჯეტო დაფინანსება და გაარკვია, რომ ყველა მათგანის დაფინანსება 100,000 ლარს აღემატება, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ წარადგინეს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები. ორგანიზაცია შესაბამისი კითხვით მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს.
კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.