ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ბეგლარ ცინცაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ის სამსახურში აღადგინა. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა, ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” იტყობინება.
“2021 წლის 18 თებერვალს ბეგლარ ცინცაძე დაინიშნა ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე 10 თვის ვადით. ცინცაძე ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებდა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასდროს დაკისრებია. 2022 წლის 10 იანვარს სამსახურში გამოცხადებისას მას, გაფრთხლების გარეშე, განუცხადეს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იყო დაკავებული პოზიციიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში არ ყოფილა მითითებული1 წელზე ნაკლები დროით შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო დადგენილი პრაქტიკისა1 და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადოდ მიიჩნევა და დამსაქმებელს უფლება არ ჰქონდა გათავისუფლების საფუძლად ხელშეკრულების ვადის გასვლაზე მიეთითებინა.
ბეგლარ ცინცაძე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობაა, კერძოდ, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ცინცაძე საარჩევნო სუბიექტის „გახარია-საქართველოსთვის” ხელვაჩაურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის წევრი იყო,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.