ქობულეთში საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა სოფელ ქვედა სამებაში მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ნოღაიდელების სახლი სიძველისგან ამორტიზებული იყო, რაც, სავარაუდოდ, ნგრევის მიზეზი გახდა.
შემთხვევის დროს სახლში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და ამ დროისთვის ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი მოადგილეებთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, საკითხს შეისწავლიან და არსებული შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის, ენერგო-პრო ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.