საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად. ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული-უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებში და სავაჭრო ობიექტებში.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვაგადასული რძის პროდუქტი.
აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით,” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.