MAC Georgia-მ წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის კონფერენციას თემაზე “მშობლობა მარათონია და არა მოკლე გარბენი”.
MAC Georgia არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის, და არა მხოლოდ, სოციალურ, საგანმანათლებლო პროექტებზე და მათთვის განკუთვნილ მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის სერვისებისა და მხარდაჭერის 90%-ზე მეტი უფასოა დაინტერესებულ პირთათვის.
როგორც ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის კონსულტანტი ირმა კილაძე აცხადებს, მშობელთა ეროვნული კონფერენციის მიზანია მშობლებს შესთავაზოს ის რესურსები და გამოცდილება, რაც მშობლობას, როგორც მარათონს, უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის.
“კონფერენციის მიზანი არის შშმ ბავშვების მშობლებს მიეწიდოს მეტი რესურსი და ინფორმაცია, რათა მათი მშობლობა, როგორც მარათონი, გახდეს უფრი საინტერესო და სახალისო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
წელს კონფერენცია ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. კონფერენცია სამდღიანია. 16, 17 და 18 დეკემბერს გაიმართა ონლაინსესიები და მშობლებს საშუალება ჰქონდათ მათ მიერ შერჩეულ სესიას დასწრებოდნენ. ასევე ერთი პირისპირ შეხვედრა ჩატარდა ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში.
მშობელთა ინტერესი საკმაოდ დიდია და ბევრი მსურველი ვერ მოხვდა, რადგან შერჩევის გარკვეული კრიტერიუმები იყო, ანუ უნდა ყოფილიყო ახალბედა მშობელი, ან არასრულწლოვანი შშმ ბავშვის მშობელი და ასევე მამების დასწრება აუცილებელი იყო.
დიდი იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია მომავალშიც ჩატარდება და ეს იქნება მუდმივი პროცესი. ასეთი შეხვედრები მშობლებს აძლევს საკუთარი ძალების რეალიზების იმედს და ამ მარათონს უფრო საუკეთესოს, უფრო მხიარულს ხდის,” – აცხადებს ირმა კილაძე.
კონფერენციის მონაწილე მშობლების ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები შშმ ბავშვების მშობლებს აძლევს იმედს და ასევე, აძლიერებს კავშირს მშობელსა და ბავშვს შორის.
“მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღე, რაც ჩემს შვილს ჭირდება და რაც დამეხმარება სრულყოფილად შევძლო მისი ქცევის მართვა. უკვე ვიცი, თუ რა უნდა მოვიმოქმედო, როცა რაღაც პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები.
გავიგე რა შემიძლია მოვითხოვო სკოლაში, რისი უფლება აქვს სკოლას და რისი უფლება არ აქვს, რაზე არ შეუძლიათ რომ უარი მითხრან.
შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა ასპექტი და სხვადასხვა დეტალი, რაც საშუალებას მაძლევს მეც, მშობელმა, ვიმუშაო სწორად. თუ საშუალება მომეცემა, მომავალშიც მივიღებ მონაწილეობას ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაში,”- აცხადებს ნათია მსხალაძე.
2022 წლის მშობელთა ეროვნული კონფერენციის ორგანიზატორები არიან MAC Georgia, Caritas Georgia, კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის, international Woman Association (IWA). ხოლო რეგიონალურ დონეზე USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები თელავში, ლაგოდეხში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში.