რა ხდებოდა 8 ნოემბერს მთავარი აჭარაში. რაზე წერდნენ ადგილობრივი მედიები – ათი მთავარი ამბავი ერთ სივრცეში:
- შაბათობით, დილის 11 საათიდან, 26 მაისისა და ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთასთან თუ ჩაივლით ბათუმში, ძველი ბელეტაჟის ღია ფანჯრებიდან ბავშვების გაბმულ, მხიარულ სიმღერას გაიგონებთ – ქართულ ანბანს, სიტყვებს, ფერებს, თვლას, წელიწადის დროებს და ბევრ სხვა რამეს უკრაინელი ბავშვები თამაშითა და სიმღერით სწავლობენ. ქართული ენის გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირაში ერთხელ ტარდება. ბავშვებმა სამ თვეში ელემენტარული სასაუბრო სიტყვები ისწავლეს და მარტივი კომუნიკაციის უნარები განივითარეს | ამის შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ: batumelebi.ge-ზე.
- ამორტიზებული და საფრთხის შემცველი გვარა-ხუცუბნის სოფლის შიდა საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციას ერთი წელია მოსახლეობა უშედეგოდ ითხოვს. როგორც სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, ყოველი უხვი ნალექის დროს გზაზე ბზარები მატულობს, სადაც მცოცავი მიწის გრუნტის გამო მუდმივი მეწყრული კერები ვითარდება | ამის შესახებ უფრო მეტს ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
- მწყობრიდან გამოსული გარე განათების რეაბილიტაციისთვის, ბათუმის მერიამ 192 ათას 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საუბარია თამარ მეფის გამზირზე, ბათუმის მუსიკალური ცენტრიდან ბარცხანის ხიდამდე სანაპირო ზოლის გასწვრივ არსებულ დეკორატიულ განათებებზე. ოპოზიციის თქმით, არჩილ ჩიქოვანს კიდევ ერთხელ სურს კორუფციული გზით ფულის გათეთრება. რეზო ხარაზის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული 86 ერთეული განათების გამოცვლისთვის, ქალაქის ბიუჯეტიდან, 2021 წელს 465 ათას 270 ლარი დაიხარჯა, თუმცა ის ერთ თვეში გამოვიდა მწყობრიდან. მისივე თქმით, ახალი განათების ბოძები კუსტარულადაა დამზადებული და ერთ ცალში გადახდილი 4 ათას 42 ლარი ხარისხს არ შეესაბამება | ამის შესახებ უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
- ,,საიდანაც მზე მოდიოდა“ ამ სახელწოდების სპექტაკლით წარსდგა ქედაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი ახალგაზრდა წყვილის თანაცხოვრების ფონზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვამოგზაურებს. თემა ეხმიანება იმ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა | ამის შესახებ უფრო მეტს ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
- ამერიკის მაგინებელთა რიგებს ქობულეთიდანაც უერთდებიან. “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა. “ხალხის ძალას” საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გურამ აბაშიძე და დეპუტატი, გიზო ხალვაში შეუერთდნენ | ამის შესახებ უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
- „სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო და ბოლოს მასზე და შვილებზეც ძალადობდა | ამის შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ: batumelebi.ge-ზე.
- 2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენები. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს და წინა დღეს თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს | ამის შესახებ უფრო მეტს ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
- საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადი ავტომობილისთვის თანხას ბიუჯეტიდან ხარჯავს. ანზორ ბოლქვაძე, 2016 წლიდან დღემდე, საკუთარი მანქანისთვის, საწვავისა და რემონტის ხარჯებს ხალხის ფულით ფარავს. თანხის რაოდენობამ 70 ათასი ლარი შეადგინა. საკითხი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეისწავლა. ლევან გორგილაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დოკუმენტაცია წარმაოდგინა, რომლითაც დგინდება, რომ ბოლქვაძე ბიუჯეტიდან, თანხას, პირადი ხარჯებისთვის იყენებს. აღსანიშნავია, რომ ანზორ ბოლქვაძე, მაღალმთიან აჭარაში, არაერთ მსხვილ ბიზნესს ფლობს | ამის შესახებ უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები | ამის შესახებ უფრო მეტს ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
- გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში | ამის შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ: batumelebi.ge-ზე.
შენიშვნა: გაზეთ “აჭარა”-ს ვებგვერდზე სიახლე დღეს არ გამოქვეყნებულა.