რა ხდებოდა 3 ნოემბერს მთავარი აჭარაში. რაზე წერდნენ ადგილობრივი მედიები – ათი მთავარი ამბავი ერთ სივრცეში:
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. სასამართლო საქართველოს მთავრობას აკისრებს, რომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი გადაუხადოს. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა | უფრო მეტს ამის შესახებ TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
ქობულეთში, ხინოწმინდაში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს პემზის ბლოკი დააშენეს. ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია | უფრო მეტს ამის შესახებ batumelebi.ge-ზე წაიკითხავთ.
„ანტიკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში გარე რეკლამების განთავსებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი ცხადდება, სადაც რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, მათ შორისაა, შპს „ალმა“, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველს, სამსონ ფხაკაძეს ეკუთვნის. ტენდერისთვის გათვალისწინებული იჯარის ვადა 20 წელს ითვალისწინებს, რაც მოძრაობის შეფასებით, ზედმეტად გაწელილია. „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ პირობები მმართველი პარტიის სიმპათიის მქონე კომპანიაზეა მორგებული | უფრო მეტს ამის შესახებ TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმეზე ნარკოლოგ-ექსპერტებს მოუსმინეს.მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ნივთიერებებზე ჩატარებული ქიმიური კვლევის შესახებ, რომელიც გალიფ ოზთურქის საცხოვრებელი სახლიდან გამოძიებამ მტკიცებულების სახით ამოიღო.გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება | უფრო მეტს ამის შესახებ ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ.
„სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების სადარბაზოებში გაზი დარღვევებით და „საფრთხის შემცველად“ გაჰყავდათ | უფრო მეტს ამის შესახებ TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
სოფელ რიყეთში საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქალების გამოწვევებზე იმსჯელეს. ითქვა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის მთავარ პრობლემა კვლავ დასაქმება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების საკითხია. საქართველოს ქალთა ოთახების მიერ ორგანიზებული სადისკუსიო შეხვედრები ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში გაიმართა | უფრო მეტს ამის შესახებ ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. დააკავა.
ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ “კანონიერ ქურდს”- 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად “ბონჩოს” და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.
ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ “კანონიერი ქურდობა”, “ქურდული სამყაროს” წევრობა”, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა | უფრო მეტს ამის შესახებ TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
პანდემიის შემდეგ პირველად 124 ქვეყნის წარმომადგენელი MUSIAD EXPO 2022-ზე შეიკრიბა. ოფიციალური გახსნა სტამბოლის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად შედგა. დღეს, უკვე ფორუმის მეორე დღეა, სადაც აქტიურ შეხვედრებს მართავს ქართული მხარეც | უფრო მეტს ამის შესახებ ajaratv.ge-ზე წაიკითხავთ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ქვეყანაში დარჩა | უფრო მეტს ამის შესახებ batumelebi.ge-ზე წაიკითხავთ.
ღვინის ეტიკეტების გამოფენა მოეწყო ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში. პირველად ღვინის ეტიკეტების დაბეჭდვა საქართველოში 1820 წლიდან დაიწყო. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში 69 ძველი ღვინის ეტიკეტები ინახება, რომლის უმრავლესობა ხარიტონ ახვლედიანის მიერ არის შეგროვებული. მუზეუმის ფონდს წლებთან ერთად თანამედროვე ეტიკეტებიც შეემატა. როგორც მეღვინეენი ამბობენ, ეტიკეტები ინახავს არა მხოლოდ სასმელის სახელწოდებას და გამოშვების თარიღს, არამედ მთლიანად მის ისტორიას | უფრო მეტს ამის შესახებ batumelebi.ge-ზე წაიკითხავთ.
შენიშვნა: გაზეთ “აჭარა”-ს ვებგვერდზე სიახლე დღეს არ გამოქვეყნებულა.