რა ხდებოდა 2 ნოემბერს მთავარი აჭარაში. რაზე წერდნენ ადგილობრივი მედიები – ათი მთავარი ამბავი ერთ სივრცეში:
- ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ რუსთაველის ქუჩაზე ორი განაშენიანების დეტალური კონცეფცია დაამტკიცა. ორივე პროექტი მშენებლობას არსებულის ნგრევის ხარჯზე ითვალისწინებს და ორივე მშენებელი კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს. სამშენებლო ტერიტორიები ძეგლის დაცვის ზონაშია | ამის შესახებ უფრო მეტს batumelebi.ge-ზე წაიკითხავთ.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 9 ფაქტი, რაზეც პასუხისგებაში მისცეს 10 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას | ამის შესახებ უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
- 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდზე მეტი იქნება. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 507 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის კანონპროექტი განსახილველად უკვე გადაიგზავნა აჭარის უმაღლეს საბჭოში. დოკუმენტს დეპუტატები შეისწავლიან, მოამზადებენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, მოგვიანებით კი მათ გასათვალისწინებლად ისევ მთავრობას დაუბრუნებენ | უფრო მეტს “აჭარის ტელევიზიის” ვებგვერდზე წაიკითხავთ.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-მ აჭარის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, შესწავლილი 62 პირის დეკლარაციიდან 24-ის შემთხვევაში ხარვეზები ფიქსირდება. 24-დან 12- მა მისი ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ მიუთითა. 11-ტ თანამდებობის პირს კი, წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის არ გადაუცია | უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
- ხულოს მერიამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა, რომლითაც შესაძლებელი იქნება სოფლებიდან მყარი ნარჩენების გამოტანა. მსგავსი ტექნიკა აქამდე მუნიციპალიტეტს არ ჰყოლია, რის გამოც დასახლებებიდან ნარჩენების გამოტანა ფერხდებოდა. თვითმმართველობამ ტექნიკაში 300 ათას ლარზე მეტი დახარჯა | უფრო მეტს “აჭარის ტელევიზიის” ვებგვერდზე წაიკითხავთ.
- მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 10-ზე მეტი წელია არსებობს ველობილიკები, იმართება ველომსვლელობები და ველომარათონები, ველოსიპედით გადაადგილება პრაქტიკული დანიშნულებით ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის აქტუალური. მიმდინარე ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში გაძლიერდა ზეწოლა ურბანული ტრანსპორტის სისტემებზე, ველოსიპედით მოძრაობა სამანქანო გზაზე არ არის უსაფრთხო, ველობილიკებისა და ტროტუარების დიდი ნაწილი კი ავტომობილების საპარკინგე სივრცედ არის გამოყენებული. ქალაქის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა ბათუმის საკრებულომ მხოლოდ ახლა, 2022 წლის 31 ოქტომბერს დაამტკიცა | ამის შესახებ უფრო მეტს batumelebi.ge-ზე წაიკითხავთ.
- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანცლერის გარეშეა. პოზიციაზე ახლად არჩეულმა ნიკა ჩხარტიშვილმა თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციას უკვე წარუდგინა. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, გადაწყვეტილება პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო და ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას | უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
- ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბულვარში გელა წულაძის ახალ სკულპტურას – „სიყვარული მძიმეა“ დადგამენ. ესკიზის მიხედვით, ქანდაკების დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბულვარი გამარტივებული წესით შეისყიდის და შპს „ლიბერტეს“ 25 000 ლარს გადაუხდის. ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი კი თავად გელა წულაძეა. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, 25 ათასი ლარიდან 4 ათასი ლარი საავტორო ჰონორარია | ამის შესახებ უფრო მეტს batumelebi.ge-ზე წაიკითხავთ.
- მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი გზები იწმინდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იწმინდება ქობულეთი-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზა, ასევე ბერიძეები-ზედა კვირიკე-დაგვას მიმართულება, ქედაში კი მერისი ნამონასტრევის, ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეების მიმართულებები. შუახევში გომარდულის გზა. ასევე ხულოში ძირკვაძეების მიმართულება | უფრო მეტს “აჭარის ტელევიზიის” ვებგვერდზე წაიკითხავთ.
- მაშველები ამ დრომდე ეძებენ კაცს, რომელიც ზღვაში გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები უკვე მეორე დღეა გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირედ კაცი ზღვაში გადახტა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა | უფრო მეტს TV25.GE-ზე წაიკითხავთ.
შენიშვნა: გაზეთ “აჭარა”-ს ვებგვერდზე სიახლე დღეს არ გამოქვეყნებულა.