რა ხდებოდა 1 ნოემბერს მთავარი აჭარაში. რაზე წერდნენ ადგილობრივი მედიები – ათი მთავარი ამბავი ერთ სივრცეში:
- ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ხუთ ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის მასა ჩამოწვა ბელტური- დავითაძეების, გობრონეთი- ზედა გობრონეთის, მერისი-გუნდაური-ჭალათისა და წონიარისი-აბუქეთა-ნაომვალის მიმართულებით საავტომობილო გზებზე | ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
- ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში გადაიტანენ და იქ დაასაწყობებენ, ვიდრე ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია არ დასრულდება | ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
- ხულოელი ბავშვების დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება თამარ მაყაშვილს ძვირად დაუჯდა. ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი, გაკეთებული განცხადების გამო, რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ გუნდი დასის წევრის ქმედებას ემიჯნება | ინფორმაციას ამის შესახებ “TV25” ავრცელებს.
- თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია | ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
- რატომ ეზრდებათ ხელფასები სასაფლაოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც უმოქმედო ობიექტზე არიან დასაქმებულნი? კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არგუმენტით, ანაზღაურება, მხოლოდ, ტერიტორიის დაცვის თანამშრომელს გაეზრდება. შეგახსენებთ, წლების წინ დაწყებული სასაფლაოს პროექტი ხარვეზებით შესრულდა | ინფორმაციას ამის შესახებ “TV25” ავრცელებს.
- ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ პროექტებზე საუბრობს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ახალ ბულვარში გახსნიდან მალევე სამშენებლო ხარვეზები გამოვლინდა, საფეხმავლო გზა და ველობილიკი ყოველი გაწვიმებისას იტბორება. უფუნქციოდაა დარჩენილი სველი წერტილი | ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
- დღეიდან საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. DRG სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს | ინფორმაციას ამის შესახებ “TV25” ავრცელებს.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „სოლიდარობის თემის” ორგანიზებით აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტიცია დარეგისტრირდა, რომლითაც აჭარის სამთო იალაღებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე თვეს ატარებს, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ | ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
- მაღალმთიან აჭარაში გათოვდა. ადგილობრივთა თქმით, ნალექს შეფერხებები არ გამოუწვევია. მაღალმთაში თოვას დღეს ისევ პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ვარაუდით, დროგამოშვებით იწვიმებს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში | ინფორმაციას ამის შესახებ “TV25” ავრცელებს.
- საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისში ჩატარდა ქალაქის ღია ჩემპიონატი ბოდიბილდინგში, რომელშიც დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა ბოდიბილდერმა სერგი დავითაიამ, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით ტურნირის ჩემპიონი გახდა | ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.