“აჭარა.News” – იწყებს გვარების ისტორიების შესახებ მოკლე ინფორმაციების გამოქვეყნებას. ამ სტატიაში გაეცნობით: თავდგირიძის, იაშვილისა და მგალობლიშვილის გვარების ისტორიას.
თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.
იაშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XVს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბრ.რ.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან “ია”. ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.
მგალობლიშვილი – გავრცელებულია დირბში(გორის რ.), ერკეთში (ჩოხატაურის რ.) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან ლტოლვილობის დროს, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.