აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
“ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
საექსპორტო მანდარინს 20–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საწარმო შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს,” – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.