პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ისინი სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით აიყვანეს. მათგან ერთს სექსუალური ქმედების ჩადენას, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავებიან.
“აჭარა.News”-სთან ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა კაცმა, მეექვსეკლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სკოლიდან სახლში წაყვანა შესთავაზა, რის შემდეგაც კაცმა სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია.
მეორე კაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. ის სკოლის მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიციამ ადგილზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ორი კაცის შემთხვევაში გამოძიებას სხვადასხვა მუხლით ატარებს: “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით პასუხისმგებლობა სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დგება, ამავე კოდექსის 150-ე მუხლით კი არასრულწლოვანის იძულებისთვის.
ორივე შემთხვევა ქუთაისში მოხდა.