აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და 20 მეტყევეს სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ მეტყევეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი პროფესია უფრო მეტ დაფასებას მოითხოვს და რიგი ღონისძიებების გატარების შედეგად, თითოეულ მეტყევეს ექნება როგორც ამ პროფესიაში წარმატების მიღწევის, ასევე ღირსეული შრომის საშუალება.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ყურშუბაძემ. მეტყევის კვირეულის ფარგლებში აჭარაში მოეწყობა გამწვანების აქცია, დაირგვება 850 ძირი ფიჭვის, კედარის, კვიპაროსისა და ტუიას ნერგი. ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქციაში ჩართული იქნებიან მოსწავლეებიც.