თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აგვისტოში, იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.
“თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია.
რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში,” – აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.