ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა “ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო. როგორც ორგანიზაციის წევრები წერენ, მასში გაწევრიანებული არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან.
“ნაციონალური რესპუბლიკური არმიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან. ისინი პუტინს აცხადებენ უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გასწირა.
ორგანიზაცია პუტინს განადგურებით ემუქრება. ასევე, საკუთარ განცხადებაში ყველა რუს ჩინოვნიკს აფრთხილებენ, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც განადგურება ელოდებათ.
“ნაციონალური რესპუბლიკური არმია” აგრეთვე რუსეთის არმიის ჯარისკაცებს მოუწოდებს: შეწყვიტონ სროლა მათი ძმების მიმართულებით სხვა ქვეყნებიდან – საქართველოდან, სირიიდან. მოუწოდებენ შეუერთდნენ და აღმართონ ლურჯ-თეთრი ფერის ახალი რუსეთის დროშა.
გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი და ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ”.