გონიოს პოლიგონის პრობლემა, კანალიზაციის სისტემისთვის გამოყოფილი თანხის კოვიდბიუჯეტში გადარიცხვა, ნაგავსაყრელი და ჭოროხის გზა, რომელიც არ გაკეთდა – ენმ მმართველ პარტიას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
“არ აირჩიოთ ჩიქოვანის კლანი საკრებულოში”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რეზო ხარაზნა.
მისივე განცხადებით, აუდიტის დასკვნაში არსებობს კითხვები ბათუმის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.
“გონიოს პოლიგონი დარჩა პოლიგონად, მიმდებარე ტერიტორია ვერ განვითარდა, ჩიქოვანი-რიჟვაძის გადაწყვეტილებით, ადლიის მაცხოვრებლებს, შემოერთებულ ტერიტორიებს, ჯიბიდან ამოაცალეს 60 მილიონი და გადარიცხეს კორუფციულ კოვიდფონდში. ამავე ოლქში უმძიმეს პრობლემად რჩება ნაგავსაყრელი, სადაც 5 მილიონი მოიპარეს, 2016 წელს დაწყებული ჭოროხის გზის მშენებლობა არ დასრულდა. ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანი გვერდით კაბინეტში ზის, ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.
შეგახსებებთ, 2 აპრილს ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ბრალდებით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და “ქართული ოცნების” კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის, რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს.