ბათუმის ქუჩები, წრიულები და ბულვარი საახალწლო დეკორაციებით ირთვება, პარალელურად ევროპის მოედანზე დაწყებულია სცენის მონტაჟი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. დაგეგმილია ქუჩის წარმოდგენები და კონცერტები ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
განხორციელდება პროგრამა ,,ახალი წელი შენს ეზოში“, რომლის ფარგლებშიც ანიმატორები ქალაქის ქუჩებსა და ეზოებში საახალწლო განწყობას შექმნიან.
“მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება. 31 დეკემბერს დაგეგმილია გალაკონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული ,,ჯაზ ბიგ-ბენდისა“ და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით. 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე კი, გაიმართება კონცერტი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებს დაასრულებს. კულტურული ღონისძიებებისთვის 433 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო ქალაქის საახალწლო დეკორაციებით მორთვის, ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 700 ათასი ლარს შეადგენს,” – აცხადებენ ბათუმის მერიაში.