სამოქალაქო მოძრაობა “არ გადადო”-ს წევრებმა ბათუმის თვითმმართველობის ადმინისტეაციულ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართეს და მერიას ავარიულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმში მდებარე 15-მდე ავარიული სახლის ფოტო-გამოფენა მოაწყეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღევანდელი შეკრების მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენონ ხელისუფლებას, რომ ბათუმში ავარიულ სახლებში 3 ათასზე მეტი ოჯახი სიცილოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობს. “არ გადადოს” წევრები ბათუმის მერიისგან ავარიული სახლების შესწავლას, დასკვნის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში კი რეაბილიტაციას მოითხოვენ.
“დღეს ორგანიზაცია “არ გადადო” აქციას მართავს მერიასთან, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ბათუმში 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ავარიულ სახლებში და ყოველ დღე ემუქრება მათ სიცოცხლეს საფრთხე. ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ავარიული სახლებია და ვნახეთ, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ვითხოვთ მერიის დაფინანსებით მოხდეს ყველა ავარიული სახლის ექსპერტიზის დასკვნა გაკეთდეს, რადგან მოსახლეობას ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნია. დღეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბატონ არჩილ ჩიქოვანს, განცხადებას შევიტანთ და მოვუწოდებთ, დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები”- განაცხადა “არ გადადოს” აქტივისტმა გიგა ნაგერვაძემ.
ნიაზ ჩიტიძის განცხადებით, ხელისუფლებას ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდება, არჩევნების შემდეგ კი დანაპირები ავიწყდებათ.
“შინაარსი მარტივი, მაგრამ შინაარსობლივად საკმაოდ მძიმე არის ეს აქცია, რომელიც ეხება ავარიულ სახლებს, კონკრეტულად კი საცხოვრებლად უვარგის შენობებს. როგორც ვხედავთ, ბათუმის მერიის პრიოროტეტი ეს პრობლემა არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2018 წელს გაკეთებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომელიც ამ შენობების უმრავლესობას ეხება, რომ ეს შენობები საცხოვრებლად უვარგისია. ამ ყველაფერს რეაგირება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, წინასაარჩევნოდ მოჰყვა, როდესაც მოსახლეობას შეხვდნენ, დაპირდნენ, რომ უსაფრთხო საცხოვრებელში გადაიყვანდნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ, დაივიწყეს დაპირებები. მანკიერი თამაში, ადამიანების სიცოცხლით მანიპულირება, ამ ყველაფერს აუცილებლად გაეცემა პასუხი”- განაცხადა “არ გადადოს” აქტივისტმა ნიაზ ჩიტიძემ.
აქციის მიმდინარეობისას ფიროსმანის #1 და დემეტრე თავდადებულის #37-ში მცხოვრები მოსახლეობის ხელმოწერებით განცხადებები დატოვეს მერიაში.
“თავდადებულის 37-ში ვცხოვრობთ ჩვენ. იქ ჩიხში სულ 6 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. სამ სართულიანი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, კატასტროფული მდგომარეობაა, კედლები დაბზარული, იატაკი ჩავარდნილი სახურავიდან წყალი ჩამოდის. ნებისმიერ დროს შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, რასაც მსხვერპლი მოყვება. ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვაქციონ ყურადღება.
მივმართეთ ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს. არჩილ ჩიქოვანისთვის არ მიგვიმართავს დღემდე. იმედი გვაქვს არჩილ ჩიქოვანი და თორნიკე რიჟვაძე დაგვეხმარებიან”- განაცხადა ნორა ეროშინამ.
ამ ეტაპზე ბათუმის მერიაში კომენტარი არ კეთდება.