უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.
ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია დღეიდან ამოქმედდება.
პირს „მწვანე სტატუსი“ აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.