“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვასა და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაბირება სჭირდებოდა, რათა ბათუმის საკრებულოში უმრავლესობით ყოფილიყო წარმიდგენილი.
მისივე განცხადებით ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის, დავით რიჟვაძის, დავალებით ასლან აბაშიძისდროინდელი ძალოვანი მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.
ბრიფინგზე ენმ-ის წევრებმა აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროეს, სადაც ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობენ და სთხოვენ საკრებულოში „ნეიტრალური მხარი დაიჭიროს“
გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ჩანაწერები გარდაცვლილმა დეპუტატმა გააკეთა და მასზე ნუგზარ ფუტკარაძისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საუბარია ასახული.
„ყველამ კარგად იცით, რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში. „ქართული ოცნება” ოპოზიციაში გადავიდა, 19 წევრი ოპოზიციამ და 16 კი „ქართულმა ოცნებამ” გაიყვანა. ამის შემდეგ ღარიბაშვილისა და კობახიძის ვიზიტი იყო ბათუმში და დაგვიანონსეს, რომ „ქართულ ოცნებას” ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდა. გაცხადებულად პირდაპირ ნიშნავდა, რომ საკრებულოს წევრებზე არნახული მასშტაბის ზეწოლა იწყებოდა. პირველი შეძლეს გახარიას წევრებზე ზეწოლა და ამის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა მათთან და უმრავლესობით ყოფილიყვნენ, წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. ჩვენი ფრაქციის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ერთ-ერთი პირველი, ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა დაიწყეს, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ბატონ ნუგზართან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა, ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს სამძებროს უფროსის პოზიციას იკავებდა და ბადრი ბაკურიძე კი უშიშროების უფროსი იყო. ორივე მათგანს რევოლუციის შემდეგ აჭარიდან წასვლა მოუწია და ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენს ქალაქში დაბრუნდნენ.
მათ ნუგზარ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით. როცა ეს გაუსაძლის ამბავს და ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა. ბატონ ნუგზარმა ეს ჩანაწერი პირადად მე მომაწოდა, ჩანაწერი აუდიო სახის არის და მას წარმოგიდგენთ. ვაჟა თაბაგიძე, ამავდროულად არის ხელვაჩაურის ახლად არჩეული მერის, ზაზა დიასამიძის ბიძა, მისი სახელითაც არიან მისული ბატონ ნუგზართან. ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და დავით და თორნიკე რიჟვაძეების, ასევე ზაზა დიასამიძის გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.