ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებ 55 ოჯახს მერიის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ისინი მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ სახლის დემონტაჟის შემდეგ, ადგილზე იმავე პარამეტრების საცხოვრებელი აშენდება, ოჯახები კი მიიღებენ ზუსტად იმავე ფართის სახლს, რაც აქამდე ჰქონდათ.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულებამდე მათ დროებითი საცხოვრებლით მერია უზრუნველყოფს.
“გამოიყო თანხა დემონტაჟის პროექტის შესაძენად და დემონტაჟის განსახორციელებლად. დღეს იყო შეხვედრა ამ კორპუსის მცხოვრებლებთან, მათთვის იქნა შეთავაზებული ბინების დაქირავება, რომლის ქირასაც გადაიხდის მერია მანამ, სანამ არ დასრულდება ამ კორპუსთან დაკავშირებული პროცესები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დემონტაჟის შემდეგ აშენდება იგივე პარამეტრების, იგივე სართულების კორპუსი და ყველას გადაეცემათ ბინები მათი ფართობის შესაბამისად ახალაშენებულ კორპუსში,”- აცხადებს ლელა სურმანიძე.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.