პეტრას ციხეზე ვიზიტორების დაშვება დროებით შეჩერებულია. უკვე მეხუთე დღეა ციხის ტერიტორიაზე ვიზიტორები შესვლას ვერ ახერხებენ. უხვი ნალექის შედეგად განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა შიდა გზა და სასეირნო ბილიკები დააზიანა.
ქობულეთის მერის ინფორმაციით, ტერიტორიას გეოლოგები იკვლევენ და ყველაფერი კეთდება მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლის შესანარჩუნებლად.
“ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე მოვინახულე ეს შემთხვევა. ეს არის მეწყრული პროცესი, რომელიც უხვი ნალექის შედეგად არის განვითარებული. მდგომარეობა შეისწავლეს გეოლოგებმა. ყველაფერი გაკეთდებ შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული,”- აცხადებს მირიან ქათამაძე.