
გონიოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესის დაჩქარების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან მორიგი აქცია გამართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ხელისუფლება კი 9 თვეა ცრუ დაპირებებით შემოიფარგლება და აქვთ გონივრული ეჭვი, რომ არჩევნების შემდეგ მიწებს აღარ დაუკანონებენ.
მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ მაქსიმუმ სამშაბათს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მიწებზე არსებულ სახელმწიფო ზედდებას მოხსნიდა, დოკუმენტაცია რეესტრში იქნებოდა გადაგზავნილი, თუმცა დღეს გაირკვა, რომ დოკუმენტაცია უკან, აღიარების კომისიაში დაბრუნდა.
აქციის მონაწილეებს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე შეხვდა და განუმარტა, რომ საჯარო რეესტრიდან დასაბუთების მოთხოვნით დოკუმენტების დაბრუნება ფორმალური საკითხია, რაც მიწებზე სახელმწიფო ზედდების ასრსებობამ გამოიწვის, დაბრუნებულ საბუთებზე განმეორებით დადასტურდება საკუთრების უფლება და მიწების დაკანონება მოხდება.
აღიარების კომისიის თავმჯდომარემ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ კვირიანი ვადა ითხოვა.
შეგახსენებთ, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთები 2008 წელს ჯერ დაუკანობეს, მალე კი შეთანხმება გაუქმდა. მოსახლეობის ნაწილმა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება სამართლებრივი გზით აღიდგინა, 30-მდე ოჯახი კი დღემდე საპროტესტო აქციებს მართავს.