
გონიოს პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, საუბარია 300 ჰა ტერიტორიაზე – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი უკვე მუშავდება და ადგილზე პრაქტიკულად ახალი ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
“გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალურ ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა.
ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ ჩავრთოთ მაქსიმალურად ყველა, ყველა ის კომპეტენტური, საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში არის სპეციალიზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და ამ რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.