
ქობულეთში მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები დაიხურა, ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება გახდა. დაწესებულებებში მოსწავლეები და პედაგოგები დაინფიცირდნენ.
ქობულეთის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლები დისტანციურ სწავლების მეთოდზე გადავიდნენ.
“ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით 14 დღით დისტანციური სწავლება იქნება. შემდეგ კი, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიღებული იქნება სკოლის გახსნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ ტესტირება მასწავლებლებს და თუ საჭიროდ ჩათვლის ჯანდაცვა, მოსწავლეებსაც. ამ ეტაპზე ქობულეთში დისტანციურ სწავლებაზე 8 სკოლაა. თუმცა ეტაპობრივად სწავლების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. მაგალითად, ხვალიდან ლეღვას სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახში განაახლებენ სასწავლო პროცესს”- აცხადებს მადონა გოგიტიძე.